ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში
12. დეკემბერი 2025 სიახლეები

ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს ბავშვთა ადრეულ განვითარებას საქართველოში და ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლემა მეტმა ბავშვმა შეძლოს საჭირო სერვისების მიღება ადრეული ასაკიდან. აღნიშნულში ჩვენი მთავარი მხარდამჭერი  ჩეხეთის მთავრობაა. სწორედ ჩეხეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს მიმდინარე პროექტსაც, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.

DSC_8688

ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრებით ანნა გაზაშვილს, ბავშვთა ფსიქოლოგსა და კოალიცია “ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის” თავმჯდომარეს.

როგორ ახასიათებთ ადრეული ჩარევის სფეროს დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში?

საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვებისათვის სერვისების მიწოდება ჯერ კიდევ ფრაგმენტულად ხდება, რის შედეგადაც სერვისებში, მათ შორის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში, გვაქვს ხარვეზები, როგორც მომსახურების უწყვეტობასა და ხარისხში, ისე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც.

2023 წელს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა კვლევა საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო სერვისების შესახებ. კვლევამ გვაჩვენა, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის და მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზული სისტემური გამოწვევების წინაშე დგას.

კვლევის მთავარი დასკვნაა, რომ სერვისების ფრაგმენტულობა, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უწყებათაშორისი კოორდინაციის მწვავე დეფიციტი, მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამების ეფექტიანობას და ბევრი ბავშვის განვითარების პოტენციალის სრულად რეალიზებას.

რამდენი ადრეული ჩარევის სპეციალისტია დღეს საქართველოში და საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა ქვეყნის საჭიროებებისთვის?

გამომდინარე იქიდან, რომ კოალიცია “ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის” ამ ეტაპზე არის საქართველოში ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ქვეყნის მაშტაბით, საკუთარ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის განმავლობაში საშუალოდ 80-100-მდე ახალი სპეციალისტი რეგისტრირდება, რომელთაგან საბოლოოდ ტრენინგს ესწრება და გამოცდას აბარებს 60-75 ადამიანი. ეს რიცხვები გვაფიქრებინებს, რომ დარგი მოთხოვნადია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია რეგიონებიდან.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1000-მდე სერტიფიცირებული ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტია, თუმცა ამ ეტაპზე დაახლოებით 700-მდე სპეციალისტი რჩება პროგრამაში. დანარჩენი ან სფეროდან წავიდა ან გადავიდა მომიჯნავე სერვისში, მაგ: აუტიზმის პროგრამა, სპეც-მასწავლებელი და ა.შ

584052752_1191206309771686_1356165719986760806_n

რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სპეციალისტების რაოდენობა დაბალია? სად ხედავთ ყველაზე დიდ ხარვეზს?

როგორც ორგანიზაციული, ისე სპეციალისტების კვლევიდან უმეტესად ფიქსირდება მონაწილეების კმაყოფილება პროგრამაში მონაწილეობით და ადრეული ჩარევის სპეციალისტად მუშაობის. აღნიშნული კმაყოფილების ძირითადი წყარო უშუალოდ სპეციალისტების შინაგანი მოტივაციაა, მათი უმეტესობა დაინტერესებულია ბავშვებთან მუშაობით და მათ დამატებით მოტივაციას აძლევს შედეგების დანახვა. შინაგანი მოტივაციის გარდა, ფაქტიურად არ ფიქსირდება სხვა ტიპის მოტივაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა სპეციალისტების გადინების შეჩერების პროცესს, მაგალითად: სპეციალისტებს არ უნაზღაურდებათ შვებულება ან თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენილი დღეები.

სპეციალისტების საქმიანობა სახლში ვიზიტებთანაა დაკავშირებული, თუმცა არ არის გათვალისწინებული მგზავრობის თანხა ან სამგზავრო ბარათი (მაგალითად, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია სპეციალისტებს მიენიჭოთ სტატუსი მგზავრობის გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ).

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დაბალი ანაზღაურება, რაც არ შეესაბამება შესრულებული სამუშაოს სირთულეს და მოთხოვნებს უმეტეს შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ წელიწადში გადამზადდა 136 ახალი ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტი, საიდანაც 60 იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ დაფინანსებული, გადამზადებიდან პირველ წელს გადინება იყო 15%. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ მომდევნო წლებში გადინების უფრო მზარდი მაჩვენებელი გვექნება.

რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ მათ სხვა მაღალ ანაზღაურებად სერვისებში არ გადაინაცვლონ?

პროგრამაში ბავშვთა ადრეული ჩარევის სპეციალისტების და სუპერვაიზორების შენარჩუნება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა პროფესიული განვითარების, კონკურენტუნარიანი კომპენსაციის სისტემისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფით. კერძოდ, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებისთვის უწყვეტი პროფესიული ზრდის შესაძლებლობების უზრუნველყოფა (ტრენინგები, სუპერვიზია). ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების სამუშაო პირობების რეგულირება, მათ შორის, მინიმალური სახელფასო ბადე, ანაზღაურებადი შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტული შვებულება, სამგზავრო ბარათი და სხვა ბენეფიტები.

აღსანიშნავია, რომ ერთეული ორგანიზაციები ცდილობენ განრიგისა და გეოგრაფიული მდებარეობის ისეთი სახით აწყობას, რაც სპეციალისტის მიერ მგზავრობაზე დახარჯულ დროს შეამცირებს. აღნიშნული ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რაც ნეგატიურად აისახება ან პროგრამის ხარისხზე, ან იწვევს სპეციალისტების მოტივაციის დაკარგვასა და გადინებას. 

ყველა სპეციალისტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სუპერვიზორის მიერ გაწეულ ზედამხედველობის მხარდაჭერას. სამწუხაროდ, სუპერვაიზორის როლის ანაზღაურებაც ძალიან დაბალია, რის მოგვარებასაც ორგანიზაციები ცდილობენ სუპერვიზორებისთვის სხვადასხვა როლის შეთავსებით (მაგალითად, კოორდინატორის, სპეციალისტის ა.შ.).

586742463_1193415949550722_1264424508427368400_n

როგორ ცვლიან ტრენინგით გაძლიერებული სპეციალისტები იმ მომსახურების ხარისხს, რომელსაც ბავშვები და მათი ოჯახები იღებენ?

ზოგადად ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის პროფესიული მხარდაჭერა და გაძლიერება ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ მხრივ, არც ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტია გამონაკლისი. დროთა განმავლობაში ინსტრუმენტები მეთოდები იხვეწება/იცვლება და საჭირო ხდება ცოდნის მუდმივი განახლება საერთაშორისო პრინციპეზე დაყრდნობით. ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია — მან უნდა გააძლიეროს ბავშვი და ოჯახი, სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა ინტერვენციებისგან. მისი უპირველესი და უმთავრესი როლი ადრეულ ინტერვენციაში არის ბავშვის ოჯახის წევრებთან და ძირითად აღმზრდელთან ერთად მუშაობა და მათი მხარდაჭერა.

კვლევები ამბობს, რომ ადრეული ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად მათთვის ნაცნობ ადამიანებთან ყოველდღიური აქტივობებისა და ინტერაქციის მეშვეობით სწავლობენ. ნებისმიერ ოჯახს შესაბამისი მხარდაჭერისა და რესურსების ქონის შემთხვევაში, შეუძლია გააუმჯობესოს საკუთარი შვილების სწავლის ხარისხი და მათი განვითარების დონე ადრეული განვითარების სპეციალისტის დახმარებით.

რომელი რეგიონებია ყველაზე მეტად მოწყვლადი სერვისის მიწოდების თვალსაზრისით?

ზოგადად სერვისები ძირითადად თავმოყრილია დიდ ქალაქებში, ხოლო მაღალმთიან და შედარებით მცირედდასახლებულ მუნიციპალიტეტებში ბავშვებსა და ოჯახებს ნაკლები წვდომა აქვთ მათზე.

დღეის მონაცემით პროგრამა მოქმედებს 30-მდე მუნიციპალიტეტში. საქართველოში ბავშვთა ადეული ჩარევის მომსახურების მიმწოდებელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი განვითარების ადრეულ წლებს ატარებს საჭირო და აუცილებელი ინტერვენციების გარეშე.

დღეს საქართველოში 77-მდე ადრეული განვითარების სახელმწიფო მიმწოდებელი ორგანიზაციაა. მათგან დიდი პროცენტი თბილისშია თავმოყრილი, ხოლო დანარჩენი გადანაწილებულია მსხვილ თვითმმართველ ქალაქებში. გამოწვევად რჩება მაღალმთიანი რეგიონები.

რა არის თქვენი მთავარი გზავნილი სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ამ პროფესიის მნიშვნელობაზე?

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს სისტემური მიდგომა და ადრეული ჩარევის სერვისი გახადოს ხელმისწვდომი ყველა ბავშვისთვის, ვისაც ეს მომსახურება სჭირდება, მიუხედავად გეოგრაფიული არეალისა. ასევე, მნიშვნელოვანია დაფიქრდეს საველე და საოფისე სამუშაოს განსხვავებულობაზე და აღიაროს სფეროში მოღვაწე სპეციალისტების ძალისხმევა და მოტივაცია.

CzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview