ისტორია ქალზე, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა
27. ოქტომბერი 2025 სიახლეები

ისტორია ქალზე, რომელმაც ძუძუს კიბო დაამარცხა

„როცა ქალი იგებს ამ მძიმე დიაგნოზს, იმ წუთებში არავის და არაფრის დანახვა არ სურს. თვალებზე ჩამოფარებული შავი ქუდი და შავი სამოსი ჩემს განცდებს გამოხატავს, ფერადი ფონი კი გვახსენებს, რომ სამყარო მაინც ლამაზი და მრავალფეროვანია. ვარდისფერი ლენტი კი ჩვენი სიმბოლოა,“ — გვიყვება ნინო მაღრაძე-ზარიძე, 68 წლის ქალი, რომელმაც ძუძუს კიბო ცხრა წლის წინ, სკრინინგის შედეგად დაამარცხა.

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა TOKTV.GE-ზე

Screenshot 2025-10-27 at 11.36.29

ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ ნინო მაღრაძე ბევრ ტკივილსა და განსაცდელს გაუმკლავდა, რამაც ის კიდევ უფრო გააძლიერა. სიცოცხლე თავიდან შეაფასა — დაიწყო ხატვა და ლექსების წერა. დღეს მისი ნამუშევრები გამოფენილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც — ავსტრიაში მისი პერსონალური გამოფენაც მოეწყო.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. ეს დაავადება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ხოლო მისი დროული გამოვლენა გადარჩენის მთავარი წინაპირობაა.

ნინო მაღრაძე-ზარიძე პროფესიით პედაგოგია. ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2016 წელს ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დაუსვეს. ის TOKTV.GE-ს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა:

„უჩვეულო ტკივილი, დისკომფორტი ვიგრძენი ბეჭის არეში უკანა მხარეს. თავიდან ვიფიქრე, რომ გულზე მქონდა პრობლემა, მაგრამ როცა ეს გამოირიცხა, თბილისში, წერეთელის გამზირზე მდებარე სკრინინგ ცენტრში მივედი — წელიწადში ერთხელ ისედაც ვიკეთებდი გამოკვლევებს. ექოსკოპია ზურაბ გიორგაძემ გამიკეთა და პროცესში მაშინვე მამოლოგი ია მჭედლიშვილი ჩაერთო. სკრინინგ ცენტრშივე გავიკეთე ბიოფსია და ძალიან მალე, ერთ თვეში ოპერაცია ჩამიტარდა. ძალიან მინდოდა დროულად მომეშორებინა სიმსივნე და მშვიდად ამომესუნთქა."

ნინო მიიჩნევს, რომ სკრინინგის პროგრამა უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და რომ ის საჩუქარია თითოეული ქალისთვის. მისი თქმით, აუცილებელია, ყველა ქალმა წელიწადში ერთხელ გაიაროს სკრინინგი, რათა დაავადება დროულად აღმოაჩინოს. მნიშვნელოვანია, რომ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის სკრინინგი უფასოა:

"ცხოვრებას სულ სხვა თვალით შევხედე — მივხვდი, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. ავიხდინე ბავშვობის ოცნება და ხატვა დავიწყე. დღეს უკვე ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ საკუთარ თავს დაუჯერებ“.

ნინო მეგობრის რჩევით „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანდა, სადაც არიან ქალები, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს. ისინი ხვდებიან ფსიქოლოგებს, დადიან ცეკვაზე, თეატრში, ერთმანეთს ამხნევებენ და მხარში უდგანან. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ მოქმედებს რეგიონებშიც — ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ზუგდიდში, ყაზბეგში, გურჯაანსა და თელავში — ეს არის ადგილი, სადაც გამარჯვებული ქალები ერთად მუშაობენ სკრინინგის პოპულარიზაციაზე.

გარდა ამისა, ნინო ზარიძე-მაღრაძე უკვე ორი წელია არის ა(ა)იპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ „ჯანმრთელი მომავლის ელჩი“ და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საინფორმაციო შეხვედრებში, რომლებიც ტარდება კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში.

„უნდა შევძლოთ და სიცოცხლე დავაფასოთ — ის მშვენიერია! გავიფერადოთ ცხოვრება. მე ჩემი გზა ვიპოვე — ვხატავ, ვწერ ლექსებს, ვმოგზაურობ. ამ დაავადებამ ჩემი გარდასახვა განაპირობა და მომცა ძალა, ამესრულებინა ყველა ნატვრა. სიკვდილს ჩავხედე თვალებში და გადავწყვიტე, რომ ვიდრე ამ ქვეყნად ვარ, უნდა ვიცხოვრო სრულად. 63 წლის ვიყავი, როცა ხატვის კურსებზე ჩავეწერე და მოკლე დროში გავიარე. ქალმა საკუთარი თავის რეალიზება უნდა შეძლოს და აქტიური ცხოვრებით უნდა იცხოვროს.“ — ამბობს ნინო.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის“ ნინომ შექმნა ნახატი „ვარდისფერი ოქტომბერი“, რომელიც ყოველ შეხვედრაზე თან მიაქვთ კლუბის წევრებს ქალთა გაერთიანებისა და იმედის სიმბოლოდ.

საქართველოში სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს — ჯერ თბილისში, ხოლო 2011 წლიდან – მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2019 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ზუგდიდში სკრინინგის ცენტრი ააშენა და აღჭურვა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადრეული დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა დასავლეთ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალია, რაც მეტ ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და საგანმანათლებლო აქტივობებს საჭიროებს.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციასა და იმ ქალების მხარდაჭერას, ვინც დღეს გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ნინოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავაცნობიეროთ — სიცოცხლის გადარჩენა იწყება ერთი მცირე ნაბიჯით: დროული სკრინინგით. ადრეული დიაგნოსტიკა — კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა!

სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან თანამშრომლობით.

ნუ დაელოდებით სიმპტომებს — დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

CzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview