მოზარდობა ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნება, მისი ემოციური და სოციალური ურთიერთობები და დამოუკიდებელი ცხოვრების საფუძვლები. ამავე დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი ნაწილი სწორედ ამ ასაკში იწყება, თუმცა ადრეული ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი რჩება ან „გარდატეხის ასაკს“ მიეწერება. სწორედ აქ არის პირველადი ჯანდაცვის გადამწყვეტი როლი. ოჯახის ექიმი ხშირად პირველია, რომელსაც შეუძლია შეამჩნიოს ცვლილებები, შეაფასოს რისკი, დროულად გადაამისამართოს მოზარდი სპეციალისტთან და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ოჯახს. პრობლემის ადრეულ ეტაპზე შემჩნევა და სწორი ჩარევა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოზარდის მომავლისათვის.
ევროკავშირისა და საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს პროექტს „საქართველოს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მენტალურ ჯანმრთელობაზე აქცენტით და გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით“. მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ პროექტში ჩართულ ექსპერტს, ფსიქიატრ ნანა ზავრადაშვილს ვესაუბრეთ.
რატომ არის მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი და რატომ გახდა აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო წლებში?
მოზარდობის ასაკი კრიტიკული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეშვიდე (დაახლოებით 10–19 წლის ასაკის) მოზარდი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემას.
საქართველოს კონტექსტში, სადაც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და ინფრასტრუქტურა შეზღუდულია, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ამ ემატება პიროვნული, ოჯახური, ემოციური თუ სოციალურ-ეკონომიკური სტრესები, რომლებიც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა, შფოთვა, დეპრესია, ქცევის დარღვევა ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება.
კლინიკური გამოცდილება აჩვენებს, რომ საწყის ფაზაშივე (როდესაც პირველად ვლინდება სიმპტომები) მულტიდისციპლინური მიდგომა და დროული ჩარევა გადამწყვეტია. აღნიშნული ნიშნავს, რომ მოზარდის ემოციური სირთულეების დროული ამოცნობა მხოლოდ მისი დღევანდელი მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ემსახურება — ხშირად სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი მთელი მომავალი.
ხშირად ხდება ისე, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ან რისკის ქვეშ მყოფი მოზარდები არ ხვდებიან დროულად სპეციალისტთან. რა არის ამის მიზეზი?
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადრეული ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: საზოგადოებაში არსებული სტიგმა აფრთხობს მშობლებს ღიად ისაუბრონ ფსიქიკურ პრობლემებზე, რათა თავიდან აიცილონ ე.წ. „სამედიცინო იარლიყები“.
ამას ემატება, რომ მშობლები და გარემოცვა ხშირად სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემას „გარდატეხის ასაკის“ ბუნებრივ სირთულეებს აბრალებენ და დახმარება გვიანდება. მოზარდი შეიძლება გახდეს ჩაკეტილი, დაკარგოს ინტერესი სწავლასა და მეგობრების მიმართ, შეიცვალოს ძილი, გაუარესდეს აკადემიური შედეგები ან გახდეს უფრო გაღიზიანებული. ოჯახი ამას ხშირად "გარდატეხის ასაკს" მიაწერს და არც აქვს საჭირო ინფორმაცია, როგორ მოიქცეს ამ სიტუაციაში.
ასევე პრობლემაა სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ბარიერები. ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებს მორგებული სათემო ამბულატორიული სერვისები და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები მწირია, რაც ართულებს დროულ და ეფექტურ ინტერვენციას.
რა როლი აქვს ოჯახის ექიმს ამ პროცესში და როგორია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა?
ოჯახის ექიმი წარმოადგენს პირველ კარიბჭეს ჯანდაცვის სისტემაში. საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ პირველადი ჯანდაცვა არის მთავარი რგოლი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეული ამოცნობისთვის.
ვინაიდან მოზარდი ან მისი მშობელი სომატური ან ზოგადი ჩივილებით პირველად ოჯახის ექიმს მიმართავენ, მისი როლია სწორი კითხვების დასმა, ემოციური დისტრესის ამოცნობა და დროული გადამისამართება შესაბამის სპეციალისტთან. პირველადი ჯანდაცვისა და პროფესიული სათემო სერვისების მჭიდრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს პაციენტის უწყვეტ მეთვალყურეობასა და მკურნალობას მისთვის მისაღებ გარემოში. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების სათანდაო გადამზადება და შესაბამისი გზამკვლევების შექმნა, რაც გაზრდის ოჯახის ექიმების კომპეტენციას და დროული და ეფექტური ჩარევის შესაძლებლობას.
რა როლი შეასრულა ამ მიმართულებით ევროკავშირისა და საფრანგეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა და როგორია ის ცვლილებები, რომლებიც შედეგად მივიღეთ?
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად პირველადი ჯანდაცვის ექიმებს აქვთ:
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გზამკვლევები
- პრაქტიკული ალგორითმები
- უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები
- ტელეკონსულტაციის შესაძლებლობა ფსიქიატრებთან.
ეს ნიშნავს, რომ ოჯახის ექიმი აღარ არის მარტო რთული შემთხვევების წინაშე. შედეგად მოზარდები საჭირო დახმარებას იღებენ დაავადების ადრეულ ეტაპზე, როდესაც მკურნალობა ყველაზე ეფექტურია.
პროექტით გათვალისწინებულმა საქმიანობამ სისტემური ცვლილებებიც მოიტანა, რაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის პაკეტის ეტაპობრივ გაფართოებას განახლებული პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შესაბამისად. კერძოდ: პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების განვითარების სამოქმედო გეგმებში განსაკუთრებული ფოკუსია პირველადი ჯანდაცვის პაკეტში ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულების მზარდ ინტეგრაციაზე.
შეიქმნა პირველადი ჯანდაცვის ექიმების უწყვეტი გადამზადების პროგრამები. ოჯახის ექიმები გადიან ტრენინგებს, იძენენ უპგ კრედიტებს და ეუფლებიან მართვის თანამედროვე სტანდარტებს. რეგიონებში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, დამყარდა მჭიდრო კავშირი ოჯახის ექიმებსა და სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ სათემო ცენტრებს შორის, რამაც ტელეკონსულტაციებისა და ეფექტიანი რეფერალური სისტემის მეშვეობით გაზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროული ამოცნობა ნიშნავს არა მხოლოდ დაავადების მკურნალობას, არამედ მოზარდისთვის განათლების, სოციალური ურთიერთობების, პროფესიული განვითარების და სრულფასოვანი მომავლის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ პირველადი ჯანდაცვა არის ის ადგილი, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა უნდა დაიწყოს.
ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია Expertise France ახორციელებს პროექტს „ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებაზე საქართველოს პირველად ჯანდაცვაში, რაც მიმართულია არსებული სერვისების ხარვეზების აღმოსაფხვრასა და ეროვნული რეფორმის პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფაზე. პროექტი ორიენტირებულია ოჯახის ექიმების აღჭურვაზე იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი მდგომარეობების მართვისთვის, მათ შორის დემენციის, დეპრესიის, ბიპოლარული აშლილობისა და ფსიქოზის. ამავდროულად პროექტი ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და უწყვეტი მოვლის პროცესის უზრუნველყოფას. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგების, სტანდარტიზებული კლინიკური მარშრუტების შემუშავებისა და აკრედიტებული პროფესიული განვითარების კურსების დანერგვის მეშვეობით, ეს ინიციატივა აუმჯობესებს ხარისხიან, საზოგადოებაზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და ამცირებს სპეციალიზებულ დაწესებულებებზე დამოკიდებულებას. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს დროული სამედიცინო მხარდაჭერა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
