ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველად ჯანდაცვაში: რა სახის შემთხვევების მართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმებს დამოუკიდებლად
8. ოქტომბერი 2026 სიახლეები

ფსიქიკური ჯანმრთელობა პირველად ჯანდაცვაში: რა სახის შემთხვევების მართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმებს დამოუკიდებლად

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად პირველადი ჯანდაცვის დონეზე ვლინდება. ზოგჯერ პაციენტი ოჯახის ექიმს მხოლოდ სომატურ ჩივილებს უზიარებს და საერთოდ არ საუბრობს რაიმე სახის ემოციურ ან ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. გარკვეულ შემთხვევებში ხსენებული ჩივილები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტის გაძლიერება პირველად ჯანდაცვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ოჯახის ექიმი არის ის პირველი რგოლი, რომელთანაც პაციენტს უწევს შეხება. ამის გათვალისწინებით, ოჯახის ექიმის შესაძლებლობა, დროულად ამოიცნოს პრობლემა, სწორად შეაფასოს მისი სიმძიმე და, საჭიროების შემთხვევაში, მართოს ან გადაამისამართოს პაციენტი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს პროექტს „ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოში“. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.

როგორ უწყობს პროექტი ხელს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაციას პირველად ჯანდაცვაში

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ გამოვლენას, პრევენციასა და, გარკვეულ შემთხვევებში, მათი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვას. ამ მიდგომის მიზანია განისაზღვროს რისი მართვა შეუძლია ოჯახის ექიმს დამოუკიდებლად და რა შემთხვევაშია საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩარევა.

808285087_1440268294865485_3892522931566612269_n

ევროკავშირისა და საფრანგეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დაწყებამდე, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა მათი ცოდნა პრაქტიკულ უნარებთან ყოველთვის თანხვედრაში არ იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების სტანდარტიზებული გზით გამოვლენა და შეფასება, შესაბამისი სკრინინგული ინსტრუმენტების გამოყენება, შედეგების დოკუმენტირება და შემდგომი მართვის ერთიანი ალგორითმის დაცვა.

„“რა უნდა გავაკეთო შემდეგ ეტაპზე“ იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ექიმს შეიძლება ეჭვი შეეტანა, რომ პაციენტს ჰქონდა დეპრესიის, შფოთვის, ალკოჰოლის მოხმარების ან კოგნიტური დარღვევის ნიშნები, მაგრამ ნაკლებად მკაფიო იყო, როგორ უნდა მოეხდინა ამის სტანდარტიზებული შეფასება, როგორ დაეგეგმა შემდგომი მართვა, როდის დაეწყო შესაბამისი ჩარევა და როდის იყო აუცილებელი მისი სპეციალისტთან გადამისამართება“, — ამბობს პროექტის ექსპერტი ნატო შენგელია.

პროექტის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებს მიეწოდათ პრაქტიკული ინსტრუმენტები და კლინიკური ალგორითმები. ტრენინგებთან ერთად, ონლაინ სუპერვიზიები და ადგილზე მხარდამჭერი ვიზიტები მათ დაეხმარათ იმის გააზრებაში თუ როდის გამოიყენონ

კონკრეტული ინსტრუმენტი, როგორ შეაფასონ მიღებული შედეგი და როგორ დაგეგმონ შემდგომი მოქმედება. კლინიკური აუდიტი კი საშუალებას იძლევა შეფასდეს ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და გამოვლინდეს საკითხები, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს.

ექიმების სწავლება მოიცავს მთელ კლინიკურ პროცესს — პრობლემის გამოვლენიდან შეფასებამდე, მართვამდე, შემდგომ მეთვალყურეობამდე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტთან თანამშრომლობამდე. პროექტის გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ ცოდნის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებას განმეორებითი, შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლება და უწყვეტი პროფესიული მხარდაჭერა სჭირდება.

რა სახის შემთხვევების მართვა შეუძლიათ ოჯახის ექიმებს დამოუკიდებლად

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო ოჯახის ექიმისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა უფრო პრაქტიკული და მკაფიო გამხდარიყო. ეს აქტივობა მიზნად ისახავდა, რომ ოჯახის ექიმს ჰქონოდა შესაძლებლობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ემართა ის შემთხვევები, რომელთა მართვაც მისი კომპეტენციის ფარგლებში იყო. მაგალითად, ოჯახის ექიმს შეუძლია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომების, ალკოჰოლის პრობლემური მოხმარებისა და ზოგიერთი სტრესთან დაკავშირებული მდგომარეობის შეფასება და მართვა საკუთარი კომპეტენციისა და შესაბამისი კლინიკური გზამკვლევის ფარგლებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმმა მხოლოდ საწყისი შეფასება კი არ ჩაატაროს, არამედ პაციენტს გაუწიოს უწყვეტი მეთვალყურეობა — შეაფასოს მკურნალობაზე პასუხი, სიმპტომების დინამიკა, თანმიმდევრულობა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს მართვის გეგმა ან ჩართოს სპეციალისტი“, — ამბობს ნატო შენგელია.

მეორე მხრივ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა აუცილებელი ხდება. ასეთ შემთხვევებში ოჯახის ექიმის როლი არ ქრება — ის აგრძელებს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მართვას და სპეციალისტთან თანამშრომლობას.

IMG_8214

„პირველადი ჯანდაცვა და სპეციალიზებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. კარგად გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვის სისტემა ნიშნავს, რომ პაციენტი საჭირო დახმარებას იღებს რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, ხოლო უფრო რთულ ან მაღალი რისკის შემთხვევებში დროულად და სწორად ხდება სპეციალისტის ჩართვა. საბოლოო მიზანი არის არა მეტი გადამისამართება, არამედ სწორი გადამისამართება — საჭირო პაციენტისთვის, საჭირო დროს და შესაბამის სპეციალისტთან. სწორედ ეს ქმნის პაციენტისთვის უწყვეტ და უსაფრთხო ზრუნვის ჯაჭვს“, — ამბობს ნატო შენგელია.

ტელეკონსულტაციების როლი ოჯახის ექიმის მხარდაჭერასა და რეფერირების გადაწყვეტილებაში

პროექტის ფარგლებში ოჯახის ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რთული შემთხვევების შეფასებისა და მართვის საკითხებზე ფსიქიატრისგან პროფესიული მხარდაჭერა ონლაინ რეჟიმში მიიღონ. ტელეკონსულტაცია კონკრეტული პაციენტის შემთხვევის განხილვასა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას ემსახურება.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, რადგან ოჯახის ექიმს შეიძლება ჰქონდეს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვი, მაგრამ

გაუჩნდეს დამატებითი კითხვები: საკმარისია თუ არა პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებული ჩარევა, საჭიროა თუ არა სპეციალისტის ჩართვა, რამდენად სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტის მასთან გადამისამართება. ტელეკონსულტაციის დროს ასეთი შემთხვევის განხილვა ექიმს ეხმარება გადაწყვეტილება უფრო სტრუქტურირებულად და უსაფრთხოდ მიიღოს.

პროექტის ფარგლებში თვეში ორჯერ ტარდებოდა ონლაინ სასწავლო სესიები, სადაც ექიმები ექსპერტებთან ერთად რეალური კლინიკური შემთხვევების შეფასებისა და მართვის საკითხებს განიხილავდნენ. ამ სესიებზე სასწავლო მიზნით განიხილებოდა ტელეკონსულტაციაზე გამოტანილი შემთხვევებიც. ასეთი განხილვები ოჯახის ექიმებს ეხმარება კლინიკური მსჯელობის განვითარებასა და იმ კრიტერიუმების უკეთ გააზრებაში, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის დონეზე მართვას ან სპეციალისტის ჩართვას განსაზღვრავს.

IMG_8118

„ტელეკონსულტაციების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო პროფესიული მხარდაჭერის ქსელის შექმნის დაწყება. ამ ეტაპზე მკაფიო და სისტემატიზებული კოორდინაციის მექანიზმი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა ტელეკონსულტაციებმა შექმნა შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოგვეცადა ფსიქიატრსა და პირველადი ჯანდაცვის ექიმს შორის შემთხვევის განხილვისა და კომუნიკაციის ასეთი მოდელი“, — ამბობს ნატო შენგელია.

ტელეკონსულტაციებმა აჩვენა, რომ ფსიქიატრსა და პირველადი ჯანდაცვის ექიმს შორის რეგულარული პროფესიული კომუნიკაციის მოდელი პრაქტიკულად შესაძლებელია და მას შეუძლია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს ოჯახის ექიმს რთული შემთხვევების მართვისას. შემდეგი ნაბიჯი ამ გამოცდილების საფუძველზე ასეთი თანამშრომლობის მდგრადი და მკაფიო კოორდინაციის მექანიზმის ჩამოყალიბება და პრაქტიკაში დანერგვაა.

ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია Expertise France ახორციელებს პროექტს „ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ინტეგრირებაზე საქართველოს პირველად ჯანდაცვაში, რაც მიმართულია არსებული სერვისების ხარვეზების აღმოსაფხვრასა და ეროვნული რეფორმის პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფაზე. პროექტი ორიენტირებულია ოჯახის ექიმების აღჭურვაზე იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი მდგომარეობების მართვისთვის. ამავდროულად პროექტი ხელს უწყობს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და უწყვეტი მოვლის პროცესის უზრუნველყოფას. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგების, ონლაინ სუპერვიზიების, ადგილზე მხარდამჭერი ვიზიტების, კლინიკური გზებისა და პროფესიული განვითარების კურსების მეშვეობით, ინიციატივა ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების გაძლიერებას. მიზანია, ადამიანებმა შესაბამისი დახმარება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაუკავშირდნენ სპეციალიზებულ მომსახურებას.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.