სამწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში მნიშვნელოვნად გააძლიერა ბავშვთა ადრეული ჩარევის სერვისები და ინკლუზიური განათლების სისტემა. პროექტი განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით.
ბავშვთა ადრეული ჩარევის განვითარების ხელშეწყობა
ეროვნულ დონეზე პროექტმა წვლილი შეიტანა ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარებისა და პოლიტიკის ჩარჩოების გაძლიერებაში, რამაც ხელი შეუწყო უფრო კოორდინირებული და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბებას. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა ბავშვებისათვის განკუთვნილ სერვისებს მათი განვითარების ყველაზე კრიტიკულ ეტაპზე მხარდასაჭერად.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ადრეული ჩარევის საბაზო დონის მომზადების პროგრამის აკრედიტაცია - უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყანაში აღნიშნული სფეროს გაძლიერების თვალსაზრისით. პარალელურად, პროექტმა მხარი დაუჭირა 60 ადრეული ჩარევის სპეციალისტისა და 17 სუპერვიზორის მომზადებას, რამაც გაზარდა ბავშვებისა და მათი ოჯახების მომსახურების არეალი. პროექტის ბოლო წელს 18 გამოცდილმა სპეციალისტმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი, რაც ხელს შეუწყობს აკრედიტებული ტრენინგის ხელმისაწვდომობის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ მოკლე ვადაში შედეგების მიღება, არამედ გრძელვადიანი გავლენის შექმნა. კოორდინაციის, მომზადების გზების და ეროვნული კაპიტალის გაძლიერებით, პროექტმა შექმნა საფუძველი ადრეული ჩარევის სისტემებისთვის მთელს საქართველოში.“ – რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.
ადრეული ჩარევის სერვისების გაფართოება
პროექტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა უზრუნველყო ხუთი ახალი ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის რეაბილიტაცია და სრულად აღჭურვა. ამ სიკეთით უკვე სარგებლობს 100 ზე მეტი ბავშვი. ამავდროულად, ასობით ბავშვი ჩაერთო უკვე არსებულ სერვისებში თბილისსა და რუსთავში.
„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიასტმა და ასოციაცია ანიკამ შექმნეს ძლიერი და ეფექტური პარტნიორობის მაგალითი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის დაარსებას დუშეთის მუნიციპალიტეტში - ეს ერთადერთი ასეთი ცენტრია რეგიონში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო სახელმწიფო დონეზე მხარდაჭერილი სერვისების გაძლიერება, როგორც დუშეთში, ასევე თბილისის ცენტრში.“ – ირინა ინასარიძე, ასოციაცია ანიკას დამფუძნებელი და დირექტორი.
სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა
პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა იმუშავეს ინკლუზიური განათლების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე შვიდ მუნიციპალიტეტში, რაც დაეხმარა საბავშვო ბაღების გარემოსა და მიდგომების გაუმჯობესებაში, რათა ბავშვები სხვადასხვა განვითარების საჭიროებებით უკეთ ჩართულიყვნენ ბაღის აქტივობებში.
- 21 საბავშვო ბაღი აღიჭურვა სპეციალიზებული მასალებით, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა განვითარების საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
- 206 საბავშვო ბაღის თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
- 35 პერსონალური ასისტენტი დაემატა და ინტეგრირდა საბავშვო ბაღებში, რაც უზრუნველყოფს უფრო ინდივიდუალურ მხარდაჭერას ყოველდღიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ქეთევან ქაფიაშვილი ერთ-ერთია იმ საბავშვო ბაღების პერსონალიდან, რომელიც წარმატებით იყენებს ახალ ინკლუზიურ მიდგომებს ყოველდღიურ საქმიანობაში, განსაკუთრებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან:
"ტრენინგმა მასწავლა როგორ შევაფასო თითოეული ბავშვი და დავაიდენტიფიცირო მისი საჭიროებები. ახლა შემიძლია დავგეგმო საქმიანობები მათი შესაძლებლობების მიხედვით, რათა ყველა ბავშვი ჩაერთოს აქტივობებში ისევე აქტიურად, როგორც სხვები. ტრენინგმა ასევე გააძლიერა ჩემი საკომუნიკაციო უნარები მშობლებთან - ახლა უკეთ შემიძლია მათი შვილების საჭიროებების წარმოჩენა და იმ მხარდაჭერის შესახებ საუბარი, რასაც ბავშვები ბაღში იღებენ".
ადრეული ჩარევის სპეციალისტების ხედვა
ნანა ზარანდია, პროექტის მიერ მომზადებული ადრეული ჩარევის სპეციალისტი და ფსიქოლოგი, განმარტავს, როგორ შეცვალა ადრეულმა ჩარევამ მისი მიდგომა ბავშვებისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად:
„ადრეული ჩარევა სრულიად განსხვავდება ტრადიციული ჯგუფური მუშაობისგან. აქ ბავშვის მთავარი პარტნიორი მშობელია. მუშაობა ბავშვის ბუნებრივ გარემოში ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ცვლილებებისთვის. ჩვენ ერთობლივად გარდავქმნით ყოველდღიურ რუტინებს, როგორიცაა საჭმელთან, ჩაცმულობასთან ან თამაშთან დაკავშირებული მომენტები განვითარების ხელშემწყობ მომენტებად.“
ლანა გაგნიძე, რომელიც მუშაობს როგორც საბავშვო ბაღში, ასევე პორტიჯის ასოციაციაში, ხაზს უსვამს ადრეული ჩარევის მოდელის უფრო ფართო გავლენას:
„არ არსებობს სხვა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ასეთ ძლიერ გავლენას ახდენს მშობლების გაძლიერებასა და ბავშვის ბუნებრივ გარემოში განვითარების მხარდაჭერაზე. როდესაც მშობლები გრძნობენ თავს დაცულად და მხარდაჭერილებად, ყოველდღიური ცხოვრება თავისთავად ხდება ყველაზე ეფექტური სწავლების ადგილი.“
პროექტის მხარდაჭერით ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებების, ექსპერტული წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 10 სპეციალისტს მიეცა შესაძლებლობა გაეცნოთ ჩეხეთის გამოცდილებას ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ადრეული ინკლუზიური განათლების სფეროში. გამოცდილების გაცვლამ გააძლიერა სექტორებს შორის თანამშრომლობა და წარმოაჩინა პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც შესაძლებელია ადაპტირდეს საქართველოს კონტექსტში.
სასწავლო ვიზიტის ერთ-ერთი მონაწილისა და პროექტის განხორციელებაში ჩართული ექსპერტის, მაია გაბუნიას თქმით, ინიციატივის სიძლიერე სწორედ პოლიტიკასა და პრაქტიკას შორის ბალანსში მდგომარეობდა:
"ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტმა დაგვანახა, რომ ბავშვთა ადრეული ჩარევისა და ადრეული ინკლუზიური განათლების განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს, რათა დაკმაყოფილდეს თითოეული ბავშვის სოციალური, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო საჭიროებები და სრულად გამოვლინდეს მისი პოტენციალი.“
გრძელვადიანი ცვლილებების შექმნა
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხუთი საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანია, რომელი მიზანი იყო ადრეული მხარდაჭერის, ინკლუზიური გარემოს და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებით, სერვისების გაძლიერებით და სისტემების გაუმჯობესებით როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადრეული ჩარევის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანობა და ოჯახზე ორიენტირება. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს პოლიტიკის პრაქტიკაში გადაქცევას და მდგრად ცვლილებებს ბევრად უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ამ პროექტმა აჩვენა როგორ შეუძლია სტაბილურ პარტნიორობასა და გრძელვადიან მუშაობას მნიშვნელოვნად გააძლიეროს ბავშვთა ადრეული ჩარევა. ადამიანებში, სერვისებში და თანამშრომლობაში ინვესტირებით, ჩვენ შევქმენით საფუძველი, რომელიც მომავალშიც დაეხმარება განვითარების პროცესში ბავშვებსა და მათ ოჯახებს.“ – ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.




