საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულმა დიაგნოსტირებამ 47 წლის ანა თოდუას მეორე სიცოცხლე შესძინა
7. ნოემბერი 2025 სიახლეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულმა დიაგნოსტირებამ 47 წლის ანა თოდუას მეორე სიცოცხლე შესძინა

„როცა ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს შეიტყობს, პირველი რეაქციაა შიში. თითქოს შენ ირგვლივ ყველაფერი ჩერდება. მაგრამ როცა აცნობიერებ, რომ ბრძოლა შესაძლებელია, შიში გზას უთმობს იმედს,“ — ამბობს ანა თოდუა, 47 წლის პედაგოგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან, რომელმაც საშვილოსნოს ყელის კიბო დაამარცხა და დღეს სხვა ქალების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

დიაგნოზი, რომელმაც ანას ცხოვრება შეცვალა

საშვილოსნოს ყელის კიბო დღემდე რჩება ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება და მხოლოდ გვიან ეტაპზე იჩენს თავს, როდესაც მკურნალობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

თუმცა სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ ტიპის სიმსივნის თავიდან აცილება სრულად შესაძლებელია. დაავადების პრევენციის ორი ყველაზე ეფექტური გზა HPV ვაქცინაცია და რეგულარული სკრინინგია. სწორედ დროულად ჩატარებულმა სკრინინგმა გადაარჩინა ანა თოდუას სიცოცხლე:

Screenshot 2025-11-07 at 15.29.26

„2018 წლის იანვარში მეგობარმა, რომელიც ზუგდიდში სკრინინგის პროგრამების კოორდინატორი იყო, დამარწმუნა, რომ გამოკვლევაზე წავსულიყავი, პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. შემდგომმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ მქონდა საშვილოსნოს ყელის მეორე სტადიის სიმსივნე”,  იხსენებს ანა.

შოკის პირველი წუთები მალევე შეცვალა ბრძოლის სურვილმა: ანამ საკუთარ თავს უთხრა, რომ დანებების ნაცვლად, უნდა ებრძოლა. ანა მკურნალობის კურსში დაუყოვნებლივ ჩაერთო. ქიმიოთერაპიის რთულ პერიოდს ემოციური სიძლიერით შეხვდა. სოციალურ ქსელში ხშირად წერდა საკუთარ განცდებზე და ამ გზით ამხნევებდა სხვა ქალებსაც:

„პირველი ქიმიის შემდეგ დავწერე პოსტი: ‘სიყვარული არის ქიმია... და თუ ეს ასეა, მაშინ ქიმიას ვიღებ როგორც ახალი ცხოვრების სიყვარულს!’ — მინდოდა, შიში გარეთ გამომეტანა და სხვა ქალებში იმედი ჩამესახა.“

დღეს, შვიდი წლის შემდეგ, ანა ამბობს, რომ ყოველ დილით მადლობას უხდის ცხოვრებას იმისთვის, რომ გადარჩა. მისი თქმით, ყოველი დღე საჩუქარია და რადგან სკრინინგმა გადაარჩინა ის, ახლა ამ სიცოცხლეს სხვების გადასარჩენად იყენებს.

სკრინინგიყველაზე ძვირფასი საჩუქარია ქალებისთვის

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლიდან მოქმედებს (საწყისად თბილისში, 2011 წლიდან — ქვეყნის მასშტაბით). 2019 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ზუგდიდში სკრინინგის ცენტრი ააშენა და აღჭურვა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადრეული დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა დასავლეთ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ჩართულობა ჯერ კიდევ დაბალიარაც მეტ ცნობიერების ამაღლების კამპანიასა და საგანმანათლებლო აქტივობებს საჭიროებს.

რეგიონებში ჯერ კიდევ დაბალია ნდობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი. როგორ ანა გვიყვება, ხშირად ქალებს ეჭვი ეპარებათ, რომ ზუგდიდში ჩატარებული სკრინინგი სანდოა. ის კი ყველას ეუბნება, რომ ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და რომ იქ მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები.

ანა დღესაც აგრძელებს ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას. მისი მაგალითით კოლეგებმაც ჩაიტარეს სკრინინგი და, როგორც თავად ამბობს, ეს მხოლოდ „ზღვაში ერთი წვეთი“ იყო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზღვა სწორედ წვეთებისგან შედგება.

„როცა ქალი ზრუნავს საკუთარ თავზე, ის ზრუნავს ოჯახზეც, შვილებზეც, ყველაზე, ვინც მის გვერდით ცხოვრობს. ამიტომ სკრინინგი ქალის სიყვარულის გამოვლინებაა — საკუთარი თავის, სიცოცხლისა და სამყაროს მიმართ,“ — ამბობს ანა თოდუა.

ის მოუწოდებს ყველა ქალს, კიბოს დამარცხების შემდეგ არ გაჩუმდნენ და გახდნენ მაგალითი სხვებისთვის:

„გიყვარდეთ საკუთარი თავი, ჩაიტარეთ სკრინინგი, იარეთ ექიმთან — მით უმეტეს, რომ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა. ნუ დაელოდებით სიმპტომებს — შესაძლოა დაგვიანება ფატალური აღმოჩნდეს.

სტატია მომზადებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის — კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში — ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციასთან თანამშრომლობით.

ნუ დაელოდებით სიმპტომებს — დროულად მიმართეთ სკრინინგ ცენტრს და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

CzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview