2000-მდე ექიმი კიბოს პრევენციის მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებს
3. ივლისი 2026 სიახლეები

2000-მდე ექიმი კიბოს პრევენციის მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებს

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოჯახის ექიმების როლს კიბოს ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგზე პაციენტების დროულ გადამისამართებაში.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის ეს ცვლილება ახალ პასუხისმგებლობებთან ერთად ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „კიბოს პრევენციისა და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში“ აფართოებს მხარდაჭერას, რათა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებს დაეხმაროს ამ ცვლილებებთან ადაპტირებაში და ქვეყნის მასშტაბით გაწეული მომსახურების ხარისხის გაძლიერებაში.

პროექტი მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება. მისი მიზანია აღჭურვოს ექიმები პრაქტიკული უნარებითა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებელი ინსტრუმენტებით, რომელთა დაუყოვნებლივ გამოყენებაც კლინიკურ პრაქტიკაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, პროექტის უზრუნველყოფს მხარდამჭერ ზედამხედველობასაც, რაც აუცილებელია კომპონენტია ამგვარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებში.

კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობა

2026 წლის ივნისიდან დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომელიც ორ ურთიერთდაკავშირებულ პრიორიტეტზე იყო ორიენტირებული: არაგადამდები დაავადებების მართვის გაუმჯობესებასა და პირველადი ჯანდაცვის დონეზე კიბოს პრევენციის გაძლიერებაზე.

ტრენინგები მოიცავს ჰიპერტენზიისა და დიაბეტის მართვის თანამედროვე მიდგომებს, ასევე ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოჯახის ექიმების როლს კიბოს ადრეულ გამოვლენასა და პაციენტების დროულ გადამისამართებაში.

პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის პროფესიონალები მონაწილეობენ ონლაინ სასწავლო სესიებში, იღებენ დისტანციურ ზედამხედველობას და მონაწილეობენ ადგილზე განხორციელებულ ორ მხარდამჭერ საზედამხედველო აქტივობაში, რომლებიც მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის ყოველდღიურ პრაქტიკაში გადატანას.

ეს მიდგომა ადასტურებს, რომ ჯანდაცვის სფეროში წარმატებული რეფორმები დამოკიდებულია არა მხოლოდ პროტოკოლებისა და გზამკვლევების შექმნაზე, არამედ იმაზეც, რამდენად თავდაჯერებულად და მხარდაჭერის პირობებში ახორციელებენ მათ სამედიცინო პროფესიონალები.

გზამკვლევებიდან პრაქტიკულ ინსტრუმენტებამდე

ტრენინგი პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია. იმისათვის, რომ ექიმებმა ახალი სტანდარტები ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგონ, პროექტის ფარგლებში ასევე განახლდება არაგადამდები დაავადებების კლინიკური პროტოკოლები და შემუშავდება ექიმის დამხმარე სახელმძღვანელოები — მოკლე, ადვილად გამოსაყენებელი რეკომენდაციები, რომლებიც ექიმებს პაციენტთან კონსულტაციის დროს კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ეს ინსტრუმენტები შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს კომპლექსური კლინიკური პროცესები და უზრუნველყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების ხელმისაწვდომობა ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის დროს.

ამავდროულად, ჯანდაცვის პროფესიონალები ეცნობიან ონლაინ სკრინინგის დაჯავშნის სისტემას, რომელიც საქართველოს კიბოს პრევენციის სისტემის სულ უფრო მნიშვნელოვან კომპონენტად ყალიბდება. ექიმების გაცნობით ციფრული გადამისამართების მექანიზმებთან, პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი პაციენტებისთვის ზრუნვის უწყვეტობის გაუმჯობესებას.

საბოლოო ჯამში, ეს აქტივობები მიზნად ისახავს ეროვნული პოლიტიკის ამბიციურ მიზნებსა და ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკულ რეალობას შორის არსებული დისტანციის შემცირებას.

სწავლა რეალური კლინიკური შემთხვევებიდან

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მრავალდისციპლინური შეხვედრების დანერგვა, სადაც ოჯახის ექიმები და ონკოლოგები ერთად განიხილავენ რეალურ კლინიკურ შემთხვევებს.

ეს შეხვედრები ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა დონეზე მომუშავე პროფესიონალებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. კლინიკური შემთხვევების განხილვის პროცესში პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები უკეთ ეცნობიან კიბოს რისკ-ფაქტორებს, გადამისამართების მექანიზმებსა და ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს, ხოლო სპეციალისტები უკეთ აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგანან პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექიმები.

საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლობა აძლიერებს კიბოს პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს — კავშირს პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების შორის.

ასობით ჯანდაცვის დაწესებულებისა და პროფესიონალის მხარდაჭერა

პროექტის მასშტაბი თავად რეფორმის ამბიციას ასახავს. პროექტის ონკოლოგიური კომპონენტის ფარგლებში საქმიანობა განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ 61 ურბანულ სამედიცინო დაწესებულებასა და 935-ვე სოფლის ამბულატორიაში. არსებული შეფასებით, ტრენინგებსა და ზედამხედველობის აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს სულ 1,811 ექიმი. ეს რიცხვები მხოლოდ პროექტის შედეგების მაჩვენებლები არ არის - ისინი ქვეყნის მასშტაბით იმ ადამიანებში განხორციელებულ ინვესტიციას ასახავს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის საფუძველს ქმნიან.

ინიციატივა ეფუძნება ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალწლიან საქმიანობას საქართველოში კიბოს პრევენციის მიმართულებით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკრინინგის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებაში, ჯანდაცვის პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერებასა და კიბოს მართვის გაუმჯობესებაში. სწორედ ჩვენმა ორგანიზაციამ ააშენა და აღჭურვა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი. მიმდინარე პროექტი „კიბოს პრევენციისა და მოვლის გაუმჯობესება საქართველოში“ ამ ძალისხმევის გაგრძელებაა. ის მხარს უჭერს ქვეყნის პრიორიტეტებს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით და აღიარებს, რომ ოჯახის ექიმები გადამწყვეტ როლს ასრულებენ რისკების ადრეულ გამოვლენასა და პაციენტების დროულად შესაბამის მომსახურებაზე გადამისამართებაში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა საქართველოს პირველადი ჯანდაცვისთვის

ამ ძალისხმევის სრული შედეგები შესაძლოა დაუყოვნებლივ არ იყოს თვალსაჩინო. თუმცა გრძელვადიანი ცვლილებებისთვის საჭირო საფუძველი ეტაპობრივად ყალიბდება. პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების ცოდნაში, პრაქტიკულ უნარებსა და თანამშრომლობაში ინვესტირებით, პროექტი ხელს უწყობს ისეთი პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნას, სადაც პრევენციისნ კომპონენტი უფრო ძლიერია, გადამისამართება უფრო დროულია, ხოლო კიბოს სკრინინგი ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ძალისხმევა კვლავ მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახის ექიმები არა მხოლოდ მზად იყვნენ რეფორმების განსახორციელებლად, არამედ თავად იქცნენ ამ ცვლილებების ნაწილად.