მარიამ აბისონაშვილი: „ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უფლებაა და არა პრივილეგია“
26. listopadu 2026 – მარიამ აბისონაშვილი „რეიმანის კლინიკის“ ოჯახის ექიმია. საოჯახო მედიცინას მისთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან მის ინტერესის სფეროს არა მხოლოდ პაციენტის დიაგნოზი, არამედ ის გამოცდილება და გარემოებებიც წარმოადგენს, რომლებიც მის ქცევას, გადაწყვეტილებებსა და განცდებს აყალიბებს. მარიამი აქტიურად არის ჩართული საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ინტეგრირების პროცესში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მან ოცი თვე ქვემო ქართლის იმ სოფლებში გაატარა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ.
ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს პროექტს „ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოში“. პროექტის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით.
ოჯახის ექიმი: პაციენტის საიმედო დასაყრდენი
მარიამ საოჯახო მედიცინის სფეროში 2020 წლიდან მუშაობს. მისი თქმით, ექიმობა კონკრეტული ადამიანის ან მოვლენის გავლენით არ აურჩევია — ეს გადაწყვეტილება ადამიანების მიმართ ინტერესმა განაპირობა:
„ამ საქმეში ყველაზე დიდი ჯილდო ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილების დანახვაა, რასაც შენმა მხარდაჭერამ შეუწყო ხელი. ეს ყოველთვის დიდი სამედიცინო მიღწევა არ არის. ზოგჯერ პაციენტი უბრალოდ გეუბნება, რომ პირველად იგრძნო რომ მას მოუსმინეს და გაუგეს“.
მარიამი აღნიშნავს, რომ ოჯახის ექიმობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან. დიდ პასუხისმგებლობასთან, ემოციურ დატვირთვასა და მუდმივი სწავლის ვალდებულებასთან ერთად, ოჯახის ექიმებს ხშირად ისეთ პრობლემებთან უწევთ გამკლავება, რომელთა დამოუკიდებლად მოგვარება მათ ძალებს აღემატება მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ექიმისთვის პაციენტის საჭიროების ცოდნა წარმოადგენს, რომლის უზრუნველყოფას არსებული ფინანსური თუ სისტემური ბარიერები შეუძლებელს ხდის.
სირთულეები, რომლებიც საქართველოს სოფლებში ექიმობას ახლავს თან
როგორც მარიამი გვიამბობს, თბილისსა და რეგიონებში ოჯახის ექიმად მუშაობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პროექტის ფარგლებში, მარიამმა ქვემო ქართლის სოფლის ამბულატორიების ექიმებთან ერთად ოცი თვის განმავლობაში იმუშავა. როგორც სპეციალურად მომზადებული ტრენერი, ის ატარებდა ტრენინგებს, მონაწილეობდა ადგილზე ვიზიტებსა და ზედამხედველობაში, ექიმებთან ერთად განიხილავდა კლინიკურ შემთხვევებს და და ხელს უწყობდა, რომ ადგილობრივ ექიმებს ახლად მიღებული ცოდნა ყოველდღიურ პრაქტიკაში დაენერგათ.
“ქვემო ქართლში ყოფნისას კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახე, რომ ექიმის პროფესიული შესაძლებლობები მხოლოდ მის ცოდნაზე არ არის დამოკიდებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ის მუშაობს. თბილისში ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია ინტერნეტზე წვდომა, ელექტრონული სამედიცინო სისტემები, ლაბორატორიული კვლევები ან სპეციალისტთან პაციენტის გადამისამართების შესაძლებლობა. სოფლის ამბულატორების უმრავლესობაში კი ეს ყველაფერი გაცილებით რთულად არის ხელმისაწვდომი”.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმა რეგიონებში
მარიამი გვიამბობს, რომ ქვემო ქართლის იმ სოფლებში, სადაც ის მუშაობდა, ექიმებიც და პაციენტებიც ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმომავლობის თემს წარმოადგენენ. ამასთან, პაციენტსა და ექიმს შორის კომუნიკაციის მთავარი დაბრკოლება ხშირად არა ენა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ არსებული დამოკიდებულებებია:
“ამ სოფლებში ხშირად პაციენტი ექიმთან მარტო არ მიდის — მას ოჯახის რამდენიმე წევრი ახლავს თან, რომლებიც კონსულტაციაშიც აქტიურად მონაწილეობენ. ზოგჯერ თავად პაციენტსაც არ სურს ექიმთან ოჯახის წევრების გარეშე დარჩენა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ოჯახური მხარდაჭერის გამოხატულება იყოს, რაც თავისთავად ძალიან ღირებულია, თუმცა, მეორე მხრივ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას ასეთი გარემო ექიმს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს.
როგორ უნდა ჰკითხო ადამიანს დეპრესიულ სიმპტომებზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, ძალადობაზე ან სუიციდურ აზრებზე, როდესაც ოთახში მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან? და როგორ უნდა შექმნა კონფიდენციალური გარემო ისე, რომ პაციენტმა ეს მისი ოჯახის მიმართ უნდობლობად ან უპატივცემულობად არ აღიქვას? ეს ხომ მათი კულტურის ნაწილია? სწორედ ასეთი საკითხები გვაჩვენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკური ცოდნის ადგილობრივ რეალობასთან ადაპტირება”.
მარიამი ამბობს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, განსაკუთრებული პატივისცემა გაუჩნდა ადგილობრივი ექიმების მიმართი — ისინი ყოველდღიურად მუშაობენ გარემოში, სადაც სამედიცინო ცოდნასთან ერთად, დიდი მოთმინება და საკუთარი თემის სოციალური ურთიერთობების კარგად ცოდნაა საჭირო.
პროექტის გრძელვადიანი შედეგები
მარიამის აზრით, პროექტის მთავარი ღირებულება პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებაა, რომელიც სოფლის ექიმს საშუალებას აძლევს იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული რეკომენდაციის განხორციელება სოფლის ამბულატორიაში, ეთნიკური და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით. მისი თქმით, ოჯახის ექიმებთან სწავლებისას დიდ ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ამოცნობას, პაციენტთან კომუნიკაციას, მდგომარეობის სიმძიმის შეფასებასა და შემდგომ მეთვალყურეობას:
“პროექტმა მეც ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით სწავლების მეთოდების თვალსაზრისით. კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ეფექტიანი პროფესიული განათლება ორმხრივი პროცესია. ტრენერი მხოლოდ ცოდნის გამცემი არ არის — ის თავადაც სწავლობს იმ ექიმებისგან, რომლებთანაც მუშაობს”.
მარიამს მიაჩნია, რომ ერთი კონკრეტული პროექტი ვერ შეცვლის ქვეყანაში არსებულ რეალობას, თუმცა ასეთი ტიპის ინიციატივას შეუძლია შექმნას საფუძველი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის — გააძლიეროს ექიმის ცოდნა, თავდაჯერებულობა და პროფესიული მხარდაჭერის განცდა. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სპეციალიზებულ სერვისებთან წვდომა შეზღუდული აქვთ:
“ზოგჯერ სწორედ ექიმის დამოკიდებულება განსაზღვრავს, გააგრძელებს თუ არა ადამიანი დახმარების ძიებას. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელსაც დიდი ხანია აწუხებს თავისი მდგომარეობა, მაგრამ ვერ ახერხებს ამის სიტყვებით გადმოცემას. შეიძლება რამდენჯერმე მიმართა ექიმს, ჩაიტარა კვლევები, მიიღო სხვადასხვა რეკომენდაცია, თუმცა კვლავ გრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის. ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარიმართება კონსულტაცია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობების მართვა ხშირად ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ თუ პაციენტმა იგრძნო, რომ მის პრობლემას სერიოზულად ეკიდებიან, არ განსჯიან და არსებობს დახმარების რეალური გზა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისია. განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სპეციალიზებული მომსახურება შეიძლება რთულად ხელმისაწვდომი იყოს, კარგად მომზადებულ ოჯახის ექიმს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს პრობლემის დროულ ამოცნობაში, საწყის მართვასა და შემდგომ მეთვალყურეობაში”.
იმედი, რომელსაც მარიამი პაციენტებსა და ექიმებზე ამყარებს
მარიამმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ იმედს აძლევენ პაციენტები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად ცდილობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, და ექიმები, რომლებიც ხშირად ძალიან რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ მაინც არ კარგავენ სწავლისა და განვითარების სურვილს:
“ქვემო ქართლში მუშაობისას ეს განსაკუთრებით კარგად დავინახე. ჩემთვის ძალიან ღირებული იყო ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების მოსმენა და იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს პროფესიული მხარდაჭერა. მჯერა, რომ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებები მხოლოდ ახალი ტექნოლოგიებით, ინფრასტრუქტურით ან გზამკვლევებით არ შემოიფარგლება. ცვლილებები იწყება იმ ადამიანებით, რომლებსაც სურთ, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ.
რაც შეეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ძალიან მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ემოციური სირთულეები სისუსტის ნიშანი არ არის. არ არის აუცილებელი, მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდეს, რომ დახმარებას მიმართო. ხანგრძლივი შფოთვა, უძილობა, ემოციური გადაღლა ან გუნება-განწყობის ცვლილებები ისეთივე ყურადღებას იმსახურებს, როგორც ფიზიკური ჩივილები.
განსაკუთრებით მინდა ეს იცოდნენ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებსაც ზოგჯერ დახმარების მიღებაში დამატებითი ბარიერები ხვდებათ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარი ოჯახის ექიმთანაც შეუძლიათ.
და ბოლოს, ძალიან მინდა, მივიდეთ იქამდე, რომ სამედიცინო დახმარების ხარისხი აღარ იყოს დამოკიდებული ადამიანის საცხოვრებელ ადგილზე, ენაზე ან ეთნიკურ წარმომავლობაზე. ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანაბარი შესაძლებლობა პრივილეგია კი არა, თითოეული ადამიანის უფლებაა”.
გაინტერესებს მეტი პროექტის შედეგების შესახებ? წაიკითხე ვრცლად ჩვენს სტატიაში.
ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, ორგანიზაცია Expertise France ახორციელებს პროექტს „ადამიანური კაპიტალის განვითარების გაძლიერება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრირებაზე საქართველოს პირველად ჯანდაცვაში, რაც მიმართულია არსებული სერვისების ხარვეზების აღმოფხვრასა და პჯდ რეფორმის პრიორიტეტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. პროექტი ორიენტირებულია ოჯახის ექიმების აღჭურვაზე იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე ამოცნობისთვის და მსუბუქი მდგომარეობების მართვისთვის. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგების, ონლაინ სუპერვიზიების, ადგილზე მხარდამჭერი ვიზიტების, კლინიკური გზამკვლევების და პროფესიული განვითარების კურსების მეშვეობით, ინიციატივა ხელს უწყობს პირველადი ჯანდაცვის დონეზე ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების გაძლიერებას. მიზანია, ადამიანებმა შესაბამისი დახმარება საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ სამსახურებს.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.